თეგი: სამხედრო ტყვეები

უკრაინის სახალხო დამცველი: 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია

100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გამოცემა Onet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "სამხდროების ნაწილი ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს და მათ „კადიროველები“ აწამებდნენ. მათ თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს წებოვანი ლენტით უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ. მათ მხოლოდ ეს საშინელი ხმა ესმოდათ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტყვეები მიჰყავდათ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ჰყავდათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   ასევე წაიკითხეთ:   უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 25 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს    

ცნობილია, რამდენი უკრაინელი რჩება რუსეთის ტყვეობაში

ბოლო პერიოდში, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, სამოქალაქო პირები არ გაუთავისუფლებიათ და ისინი ისევ რუსეთის ტყვეობაში რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით, 2,500 უკრაინელი რჩება. ვერეშჩუკის თქმით, ტყვეებს შორის, ბევრი ქალია.  „მათ საშინლად ექცევიან. სცემენ და აწამებენ ქალებს. მსოფლიომ ამას ჩუმად არ უნდა უყუროს“, - აცხადებს ვერეშჩუკი. მან მოუწოდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფსევდო-რეფერენდუმებში მონაწილეობა; არ დაეხმარონ მტერს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი უკანონობის ლეგალიზებაში. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი გათავისუფლდა.  

მედიის ცნობით, რუსეთი და უკრაინა ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ გააკეთა. უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები, სტამბულში პირველად შეხვდნენ Reuters-ის ცნობით, პირველი მოლაპარაკება რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებს შორის დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რასაც მოგვიანებით მეორე რაუნდიც მოჰყვა. მოგვიანებით, ორივე ქვეყნის ომბუდსმენი პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ერდოღანის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ცნობისთვის, თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარებმა დიმიტრი ლუბინეცმა და ტატიანა მოსკალკოვამ შეხვედრა გამართეს.  შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირების პირველი შეხვედრაა, 2022 წელს სტამბულის „მარცვლეულის შეთანხმების“ შემდეგ.    

გასულ კვირას რუსული ტყვეობიდან 230 უკრაინელი დაბრუნდა

გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 230 უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა.  მუშაობა გრძელდება და ველოდებით შემდეგ სიახლეებს და შემდეგ გაცვლას. ეს აუცილებლად მოხდება. ყველა უნდა დაბრუნდეს", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელმა. როგორც ცნობილია, 16 აპრილს უკრაინამ და რუსეთმა სააღდგომოდ ტყვეები გაცვალეს. 130 უკრაინელი დამცველი სახლში დაბრუნდა.  

უკრაინის პროკურატურა ზაპოროჟიეში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტს იძიებს

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ზაპოროჟიეს მახლობლად მტრის მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. საქმის წარმოება დაიწყო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438 – ე მუხლის მე-2 ნაწილით: ომის კანონებისა და წესების დარღვევა, განზრახ მკვლელობის თანხლებით. გამოძიების თანახმად, რუსმა სამხედროებმა 2023 წლის დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან სამხედრო შეტაკების დროს, ზაპორიჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტ რობოტინოსთან, სამი უკრაინელი ჯარისკაცი შეიპყრეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ, ჟენევის კონვენციის დარღვევით, სამივე დახვრიტეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ სამხედრო ტყვეების მოპყრობის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა. უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. გასული თვის განმავლობაში ქსელში არაერთხელ გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ იმ უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეოები, რომლებიც მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდნენ. უკრაინის ჯარების მიერ ზაპოროჟიეში მდებარე დასახლებულ პუნქტ რობოტინოს დეოკუპაციის შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი. რობოტინის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინულმა ჯარებმა შეტევა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით გააგრძელეს.  

უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება. „შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა რადიო თავისუფლებასთან. სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა, სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია. შეგახსენებთ, დღეს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.  

უკრაინის გენშტაბი: გაგრძელდება ზომების მიღება რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების განადგურებას, რომლებიც რაკეტებს აწვდიან ბელგოროდის აეროდრომზე, ხარკოვისა და ხარკოვის რეგიონის დაბომბვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში წერია. გენშტაბის განცხადებით, მხოლოდ გასულ კვირაში მტერმა ხარკოვის ოლქზე 19 სარაკეტო შეტევა განახორციელა და რუსებმა გამოიყენეს 26 S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 3 BR "ისკანდერ-მ, რომლის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი, დაშავდა 78. დაინგრა 13 შენობა, მათ შორის ერთი საავადმყოფო, სამი სასწავლო დაწესებულება და ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეს მონიტორინგს გაუწევენ. „სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალები არამხოლოდ აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს, არამედ, დეტალურად აკვირდებიან რაკეტების გაშვების პუნქტებს და მათი მიწოდების ლოგისტიკას, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენებით. დაბომბვის დაფიქსირებული ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია ბოლო დროს, ბელგოროდის აეროდრომისკენ მიმავალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რაოდენობის ზრდასთან. ამის გათვალისწინებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ზომების მიღებას რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს ტერორისტული საფრთხის განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ. უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ  

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობაში 8 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება

ომის ტყვეების საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 8 000-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, კვლავ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ამასთან, იური ტარანიუკმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის დროს მოსკოვთან შეთანხმდა და განხორციელდა ტყვეების 49 გაცვლა. „საკოორდინაციო შტაბის მიზანია უკრაინაში რუსული ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დაბრუნება. ეს ეხება როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო ტყვეებს. დღემდე განხორციელდა 49 გაცვლა და 2828 ადამიანი დაბრუნდა სახლში, აქედან 2681 სამხედრო და 147 მშვიდობიანი მოქალაქე. ამჟამად, ტყვეობაში 8000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. აქედან 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა,,“ - განაცხადა იური ტარანიუკმა. მისივე თქმით, საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს ათიათასობით უკრაინელის ძებნას, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ამასთან, ტარანიუკმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დაკარგულთა უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. 3 იანვარს სამშობლოში 230 უკრაინელი დაბრუნდა. 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა იყო დაგეგმილი, რომელის რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმრინავის ჩამოვარდნის ფონზე არ შედგა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ტყვეები ამ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩატარდება და იგი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოების დასადგენად კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ISW: რუსეთი IL-76-ის ჩამოვარდნას, უკრაინის წინააღმდეგ იყენებს 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ასევე რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავს, სავარაუდოდ, "65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.  

რუსეთმა და უკრაინამ IL-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ ტყვეები პირველად გაცვალეს

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენები სახლში არიან - 207 ბიჭი. ყველას დავიბრუნებთ. ტყვეობაში მყოფი ყოველი კაცი და ქალი გვახსოვს. მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. მათზე ვმუშაობთ. ეს უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” - წერს ზელენსკი. როგორც RBC-Ukraine იუწყება, გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 61 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა - 20 წლის. მოსკოვმა და კიევმა Il-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ ტყვეები პირველად გაცვალეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა პირველად 24 იანვარს გაარცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა. ისინი ასევე ციტირებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავში ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. კიევმა ეს არ დაადასტურა, თავის მხრივ, რუსეთს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. „ჩვენ ვაგროვებთ და საფუძვლიანად ვაანალიზებთ ამ საკითხზე არსებულ ყველა ინფორმაციას მრავალი წყაროდან. ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ თვითმფრინავს შეეძლო ამდენი ადამიანის გადაყვანა," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, მოსკოვის ვერსია იმის შესახებ, რომ 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე შეიძლებოდა, ბორტზე ყოფილიყო, „ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს.“ მანამდე უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოდგენილ სიაში შედიოდნენ სამხედრო ტყვეები, რომლებიც მანამდე უკვე გაცვალეს. სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს, ტყვეების ახლობლებს დაჰპირდა, რომ სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე, მათი ბედის შესახებ შეატყობინებდნენ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვს ჯერ არ გადაუგზავნია ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა რუსული ხაზი განაგრძო და დამატებით გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინამ შესაძლოა, თვითმფრინავზე დარტყმისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემის რაკეტა გამოიყენა. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ არ აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. საღამოს, პრეზიდენტ ზელენსკის ტრადიციული ვიდეომიმართვიდა კი, გაირკვა, რომ უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. 25 იანვარს, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ უკრაინას არ მიუღია არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სამხედრო სატრანსპორტო-თვითმფრინავში დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს, მე არ შემიძლია, დავასკვნა, რომ ბორტზე მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები. ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ინტერნეტში... კარგი, მე არ ვარ ექსპერტი [ამ სფეროში], მაგრამ რუსებს რომ ჰქონოდათ რაიმე ფოტო ან ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ჩვენი სამხედრო ტყვეების [ცხედრები], ისინი აქამდე გამოიყენებდნენ მათ [თავის მტკიცების გასამყარებლად]. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ თვითმფრინავში უამრავი ადამიანი იყო - უკრაინის მოქალაქეები თუ სხვა,“ - ამბობს უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი. 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა

ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინაში 100 უკრაინელი დაბრუნდა. „კიდევ 100 უკრაინელი დაბრუნდა სამშობლოში. ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები. მათი უმრავლესობა მარიუპოლის დამცველია. ეს ყველა ჩვენი ხალხია და ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩვენ ვმუშაობთ ყველა უკრაინელის დაბრუნებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია და არ გავჩერდებით, ვიდრე ამას არ გავაკეთებთ. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, რომელიც ჩართულია ტყვეების გაცვლაში იმ შედეგისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მანამდე, რუსეთმა და უკრაინამ IL-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ ტყვეები პირველად, 31 იანვარს გაცვალეს.